ქ. ბათუმი, ე. ნინოშვილის ქ. N27 / პ. მელიქიშვილის ქ. N1
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX - XX სს-ის მიჯნაზე აგებული ორსართულიანი სახლი, ბათუმის სათათბიროს ხმოსანს თავად მიხეილ ნაკაშიძეს ეკუთვნოდა. ამ სახლში 1921 წ-დან წლების განმავლობაში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი.
სახლს გამოარჩევს შეულესავი აგურის ფასადები, რომლებზეც დეკორატიული ელემენტები აგურის წყობითაა გამოყვანილი. შელესილია მხოლოდ ცოკოლი, რომელზეც რუსტიკის იმიტაციაა დატანილი. მთავარი ფასადით სახლი ნინოშვილის ქუჩაზე გამოდის. კიდეებში მას ოდნავშვერილი რიზალიტები აქვს. მარცხენა რიზალიტს მაღალი პარაპეტი ასრულებს. მარჯვენა რიზალიტი მონიშნავს კუთხის მოცულობას, რომელსაც კარნიზის ზემოთ მანსარდის დაბალი სართული ადგას. ნინოშვილის ქუჩის მხარეს პირველ სართულზე ფანჯრებს ზემოდან აქვს მართკუთხა შეღრმავებები, რომლებშიც აგურებით გამოყვანილი საჭექი ქვის იმიტაციაა გამოყვანილი.
II სართულზე რიზალიტების არეებში ნახევარწრიულთაღოვანი ფანჯრებია: მარცხენაში _ წყვილი, მარჯვენაში _ ერთი. მათ შორის, ფასადის შუა ნაწილში სამი მშვილდათაღიანი ღიობია (ორი კარი და მათ შორის ფანჯარა), რომელთა წინაც ლითონის აივანი კიდია. ამ ღიობების თავების გაფორმება მართკუთხა შეღრმავებებით პირველი სართულის სარკმლებისას იმეორებს. ასეთივე გაფორმება აქვს ფანჯრებს გვერდით ფასადზე, რომელიც მელიქიშვილის ქუჩაზე გადის. აქ ყოველ სართულზე ორი ყრუ (გლუვად ამოშენებული) და ერთი ნამდვილი ფანჯარაა. სახლს აგვირგვინებს მაღალი კარნიზი, აგურის წყობით გამოყვანილი კბილანების მწკრივით. მასზე დაშენებულ მანსარდას აქვს ლითონის აივანი ნინოშვილის ქუჩის მხარეს და სამი ფანჯარა მელიქიშვილის ქუჩის მხარეს. სახლის უკან პატარა ეზოა, რომელზეც გამოდის ორი სართულის ვერანდები.
სახლი აგურის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ბათუმში.