ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N41
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი ნაგებობა ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული. მისი შელესილი და შეთეთრებული ფასადის გაფორმებაში მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი ელემენტებია გამოყენებული.ფასადის ვერტიკალურ ღერძს წარმოადგენს მის ცენტრში არსებული რიზალიტი, რომელიც სრულდება პარაპეტის არეში ჩართული, პალმეტებით და ვარდულებით მორთული ფრონტონით. სადარბაზო რიზალიტისავე ფარგლებშია მოქცეული, ხოლო ეზოში გასასვლელი _ ნაგებობის კიდურა ნაწილში. შენობის ფასადის გაფორმება ძალზე საინტერესოდაა გადაწყვეტილი. პირველი სართული შედარებით სადაა. იგი დანაწევრებულია პილასტრისებურ შვერილებს შორის არსებული ღიობებით. დეკორაციული მორთულობა მხოლოდ სადარბაზოს ღიობის ზევითაა წარმოდგენილი. იგი მოდერნის არქიტექტურული რეპერტუარიდან აღებული დეტალებითაა გაფორმებული. მეორე სართულის სადა, სწორკუთხა ღიობების ზევით ფასადს მთელ სიგრძეზე გაუყვება ღრმა, ვერტიკალური ღარების მწკრივი, რომელშიც ჩართულია ბრტყელი ნახევარპილასტრები. შენობის ძლიერად შვერილი კარნიზი დეკორაციულ კრონშტეინებზეა დაყრდნობილი, რომლის ქვედა ხილული არე ვარდულებითაა მორთული. ნაგებობას გააჩნია მაღალი პარაპეტი, რომლის კიდურა და ცენტრალურ ნაწილში მრუდი ზედაპირის მქონე, დეკორაციულად მორთული შვერილებია ჩართული. შენობის მეორე სართულზე ლითონის მოაჯირიანი აივნებია ქუჩის მხარეს გადმოკიდებული.ნაგებობა ურბანული მემკვიდრეობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მისი ფასადი გადაწყვეტილია ინდივიდუალურად. შენობის პროპორცია და მორთულობა გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით და გარკვეული არქიტექტურული ტაქტით. აღსანიშნავია აგრეთვე კარგი სამშენებლო ოსტატობა.