ქ. ბათუმი, რევაზ კომახიძის ქ.N6
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული, ორსართულიანი, გეგმაში ლათინური L-ის მოხაზულობის შენობა განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი ფასადით რ.კომახიძის ქუჩის ვიწრო შესახვევზე გადის. რამდენიმე წელია, ცოკოლით ამაღლებულ სახლს მარჯვენა ნაწილში, აივნების ნაცვლად (მობინადრეების ზეპირი ცნობის თანახმად) ახალი მოცულობა დაემატა. სახლის თავდაპირველი ფასადი შელესლილი და შეღებილია. მისი მორთულობა კლასიცისტური რეპერტუარიდან არის ნასესხები. ცოკოლის გლუვ კედელში და ორივე სართულზე არსებული ღიობები - სწორკუთხაა. მარჯვენა განაპირა კუთხეში სადარბაზოს კარია მოთავსებული. მეორე სართულის მარჯვენა ნაწილში, ლითონის საჩრდილობლიანი შეკიდული აივანია მოწყობილი. ახალ მოცულობაში, პირველი სართულის დონეზე, ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი, რომელსაც ლითონის ჭიშკარი აქვს. გვირაბის თავზე არსებულ ორივე სართულზე, ფასადის მხრიდან ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნებია მიდგმული. საკუთრივ შენობა, შიდა ეზოს ორი მხრიდან ფარგლავს. ეზოს ნაწილი ძლიერ გადაკეთებულია და მას დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. აღნიშნული სახლი არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.