ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N19 / მერაბ კოსტავას ქუჩა N34
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
კ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას ქუჩების კუთხეში აღმართული ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ფასადთა მხატვრული გადაწყვეტისთვისაც დამახასიათებელია კლასიცისტურ-ბაროკული სტილიზაცია, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისით უნდა დათარიღდეს. კუთხის ორსართულიანი შენობის პირველი სართულის ორივე ფასადზე ფართო მართკუთხა და თაღოვანი ღიობებია გაჭრილი, რომლებიც რუსტირებული პილასტრებითაა ფლანკირებული. რაც შეეხება მეორე სართულს აქ ფასადის ზედაპირი აივანზე გამომავალი მშვილდთაღოვანი კარისა და მართკუთხა სარკმელთა ღიობებითაა დანაწევრებული. აჟურულმოაჯირიანი აივნები ლითონისაა. შენობას პარაპეტი შემოუყვება, რომელიც შედგება სწორკუთხა შვერილებისა და მათ შორის არსებული აჟურული მოაჯირისაგან.მთავარი ფასადი მ. კოსტავას ქუჩაზე გამოდის. ფასადის ცენტრში სადარბაზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობია გაჭრილი. ღიობს პროფილირებული საპირე შემოუყვება, რომელიც ღილისებური დეკორაციული ელემენტებითაა გაფორმებული. სადარბაზოს კარი ხისაა. ფასადის ეს ცენტრალური ნაწილი აქცენტირებულია, როგორც სადარბაზოს კარის გარშემო ნალესობით ამოყვანილი ფორმებით, ასევე მის ზემოთ, მეორე სართულზე არსებული ლითონის ნახევარწრიული მოხაზულობის აივნითა (ფასადზე გამომავალი სხვა აივნები კუთხოვანია) და პარაპეტის არეში არსებული ფრონტონით. ფრონტონის ზედაპირზე ნალესობით გამოყვანილ მცენარეულ ხლართში ჩასმული მედალიონია, რომელშიც შენობის მფლობელის ინიციალებია ჩაწერილი _ АМ. შენობა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაგებობაა. ორი ქუჩის კუთხეში მდგარ შენობას ურბანული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ესაა აქცენტი და განმსაზღვრელი ქუჩათა განაშენიანებისა.