კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N8 / ლუკა ასათიანის ქუჩა N20
შენობა ბათუმის პორტის კაპიტნის ა. ფონფიტინგოფშელის დაკვეთით აიგო XX ს-ის დასაწყისში. კლასიცისტურ-ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი ორსართულიანი, მანსარდიანი კუთხის შენობის ფასადი დატვირთულია ნაძერწი დეტალებით. ნაგებობის პირველი სართულის კუთხე ჩამოკვეთილია, ხოლო მეორე სართულის და მანსარდის აყოლებაზე ერკერია გადმოკიდული. ფასადებზე გამოყოფილი სამი რიზალიტის კედლის სიბრტყე დამუშავებულია გლუვი ლილვების და ხორკლიანი ზედაპირის მქონე ზოლების მონაცვლეობით. რიზალიტების ფარგლებში სადარბაზოებია განთავსებული. მათ წინ კოლონებიანი მცირე პორტიკებია გამართული. ლუკა ასათიანის ქუჩის მხარეს, შენობის კიდურა ნაწილში ეზოში გასასვლელი გვირაბია. ღიობების გაფორმებაში ჩართულია სვეტები, ფრონტონები, ნაძერწი ორნამენტები და სკულპტურა. მანსარდის სართულს თევზის ქერცლისებური ფაქტურის მქონე სახურავი აქვს. მეორე სართულზე არსებულ ლითონის აივნებს აჟურული მოაჯირები გააჩნია. შენობა თავისი პროპორციით, სილუეტით და უხვი მორთულობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში.