ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N32 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N35
მოდერნის სტილის ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. მისი მფლობელი იყო თამბაქოს მრეწველი, ლაზარე მურადის ძე ბინიატ-ოღლი (ბინიაშვილი). სამშენებლო მასალად სხვადასხვა ფერის მასალაა გამოყენებული (კერამიკული ფილები, აგური, ქვა), რისი შედეგიცაა ფასადებზე ფაქტურისა და ფერადოვნების ცვალებადობა. სახლს მოდერნის ელემენტებით გაფორმებული გალავანი ევლება. ეზოში შესასვლელი მაზნიაშვილის ქუჩიდანაა, საიდანაც დიდი, პარადული კიბე მიემართება სახლის კარისკენ. ძირითად ნაწილს წარმოადგენს სამსართულიანი (ორი სართული და მანსარდა) კოშკისებური მოცულობა და ამ ძირითად კორპუსს მიდგმული ორსართულიანი მოცულობა. სახლს ციცაბო, შვერილქანობებიანი სახურავი ბურავს, რომელიც ხის მძლავრ კრონშტეინებზეა დაყრდნობილი.
ფასადები დანაწევრებულია თაღოვანი, შეტეხილი და მართკუთხა მოხაზულობის კარ-სარკმელთა ღიობებით. სახლი მოდერნის სტილის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. იგი გამოირჩევა მაღალი სამშენებლო ოსტატობით, თავისი მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებებით.