ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N2 / ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N23
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
დღევანდელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორსართულიანი შენობა ე.ნინოშვილისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე აგებულია, 1884 წელს და პეტერბურგელი ბანკირის, მიტროფანე სელიტრენიკოვის ქვრივის საკუთრება იყო. სახლს გააჩნდა ფლიგელი მოსამსახურეებისათვის. მოგვიანებით, ეზოს მხარეს, მიუშენებიათ დამატებითი ფრთა. 1937-1941 წლებში აქ გერმანიისა და აშშ-ს საკონსულოები იყო განთავსებული.1958-2011 წლებში მასში ფუნქციონირებდა ნ. ბერძენიშვილის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 2011 წელს შენობაში ბინა დაიდო ახლადშექმნილმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. მთავარი ფასადით სახლი ე.ნინოშვილის ქუჩაზე გადის. ის ქუჩისპირიდან ცოტა მოშორებით, პატარა ეზოში დგას. ფასადის მარჯვენა ბოლოში, კუთხეზე ირიბად არის მიდგმული თაღებით გახსნილი პორტიკი, რომლის თავზეც მეორე სართულის ღია ვერანდაა მოწყობილი. მთავარი ფასადი უხვად არის მორთული რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის ელემენტებით. კედლის სიბრტყე შელესილია და ზედ თეთრი და ღია მწვანე ჰორიზონტალური ზოლებია დატანილი. სართულებს ყოფს პროფილირებული კარნიზი, რომელსაც ქვემოთ გეომეტრიული ორნამენტის ფრიზი გასდევს. ფასადის განაპირა ნაწილებზე გამოიყოფა მსუბუქი რიზალიტები, რომელთა კიდეებზეც ბრტყელი პილასტრებია აყოლებული. ფანჯრები ორსავე სართულზე თაღოვანია. პირველი სართულის ფანჯრები ფლანკირებულია კორინთულკაპიტელებიანი მრგვალი სვეტებით. მათზე გადაყვანილი თაღოვანი თავსართები რუსტირებულია. სახლს მაღალი, რთულად პროფილირებული კარნიზი აგვირგვინებს. 26 მაისის ქუჩის მხრიდან სახლს ორსავე სართულზე აქვს ბეტონით ნაგები ღრმა აივნები. მათი არქიტექტურა ერთი მხრივ, ხის ტრადიციულ აივნებს მოგვაგონებს, მეორე მხრივ, მოდერნის სტილის ელემენტებს შეიცავს. პირველი სართულის აივანი შუაში ნახევარწრიულად არის გამოსული. ამ შვერილის გვერდით ეზოდან რამდენიმესაფეხურიანი კიბე ადის. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმის ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა, გამორჩეული როგორც მხატვრული ჩანაფიქრით, ისე შესრულების მაღალი ხარისხით.