ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. N7 / ლ. ასათიანის ქ. N25
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
თავდაპირველად ქალაქის თვითმმართველობა მდებარეობდა ნაქირავებ ბინაში მარინის პროსპექტსა და მიხეილის ქუჩების კუთხეში თავადი გურიელის სახლში, ხოლო 1902 წ დამთავრდა ქალაქის საბჭოს ვრცელი, მოხერხებული შენობის მშენებლობა დიდი დარბაზით სათათბიროს სხდომისათვის. საკანცელარიო სამმართველოს და სამშენებლო განყოფილების გარდა პირველ სართულზე განლაგებული იყო ქალაქის ლომბარდი და სხვა დაწესებულებები, მათ შორის ბიბლიოთეკა.
შენობის გეგმის კომპოზიციის ძირითად ბირთვს კვადრატი წარმოადგენს, მთავარი ფასადი ლ. ასათიანის ქუჩისკენ არის მიმართული. ნაგებობის მთავარი ფასადი სადღესასწაულოდ არის გაფორმებული. ამ ფასადის ცენტრალური ნაწილი მძლავრ, ორსაფეხუროვან რიზალიტს უჭირავს, რომლის შუაგულში სწორკუთხა მოყვანილობის, პროფილირებულ, დეკორატიულ ჩარჩოში მოქცეული კარია გაჭრილი. კარი რელიეფური სანდრიკით სრულდება, რომლის თავზე თაღია გადაყვანილი. მეორე სართულზე განიერი, მძლავრ კრონშტეინებზე დაფუძნებული აივანია მოწყობილი, რომელსაც ბალასინებიანი მოაჯირი აქვს. აივნის უკანა სიბრტყე, თაღოვანი სარკმლებით არის დანაწევრებული. მათ შორის კორინთული ორდერის სვეტებია მოცემული, კუთხეებში - შეწყვილებული. ამ მონაკვეთს, მძლავრი, ფრონტონით დასრულებული ანტაბლემენტი ასრულებს. კარნიზი აქ, დეკორატიული კრონშტეინებით არის გაფორმებული. შენობის ეს ნაწილი გუმბათით არის გადახურული და ბალასინიანი პარაპეტი მიუყვება. გუმბათის თავზე აჟურულმოაჯირიანი აივანია მოწყობილი. კლასიცისტურ-რენესანსულ სტილში შესრულებული ეს ნაგებობა თავისი მხატვრული სახით განსაკუთრებით ღირებულია.