ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N3 / მემედ აბაშიძის ქუჩა N13
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX ს-ის დასაწყისში აგებული სამსართულიანი სახლი ბრონბერგის საკუთრება იყო და 22 ოთახს შეიცავდა. აქ იტალიის საკონსულო იყო განთავსებული. შენობა ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული და ორივე ფასადი იდენტურადაა დამუშავებული. თავდაპირველად, სახლი ორსართულიანი იყო და მესამეც მალევე დააშენეს. ფასადები კედლის სიბრტყიდან მცირედად ამოწეული დეკორატიული პილასტრებითა და პროფილირებული თარაზული სარტყლებითაა დამუშავებული. კარ-სარკმელთა ღიობები სამივე სართულზე სწორკუთხაა, რომელთაც სადა საპირეები შემოუყვებათ. სახლის კუთხის ნაწილის მეორე და მესამე სართულების ფასადებზე ერთიანი აივანია შემოვლებული, რომელიც კედლებზე თანაბარი სიგრძითაა განვითარებული. აივანი ლითონის აჟურული მოაჯირებითა და თაღოვანი გადახურვითაა გაფორმებული. ეზოს ორიგინალური ზღუდეც ინდივიდუალურ გადაწყვეტას აყალიბებს. შენობა მნიშვნელოვანია თავისი ადგილმდებარეობით, რის გამოც მას ქუჩის განაშენიანებაში საკვანძო ადგილი უჭირავს.