ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N4 / შოთა რუსთაველის ქუჩა N12
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
კ. გამსახურდიას ქ. 4 / რუსთაველის გამ. 12საცხოვრებელი სახლი დიდი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია 1950-იან წლებში. ეს არის კუთხის შენობა, რომელიც გრძელი ფასადით გამსახურდიას ქუჩაზე გადის, მოკლეთი _ რუსთაველის გამზირზე. კუთხე ორივე მხრიდან მსუბუქი რიზალიტით არის მონიშნული და მთლიანად დაფარულია ნალესობაზე გამოყვანილი რუსტიკის იმიტაციით. მასში შეკრული კამარებით გადახურული ღია ლოჯიებია მოწყობილი (მეორე სართულზე მართკუთხა, მესამეზე _ თაღოვანი ღიობებით). რუსტიკის იმიტაციაა დატანილი ასევე თაღოვანი შესასვლელების ფართო საპირეებზე, შენობის კუთხეებსა და ცოკოლზე. ფასადების დანარჩენი სიბრტყე გლუვად არის შელესილი. საფასადო გაფორმების ყველაზე თვალშისაცემი ელემენტია მეორე და მესამე სართულების გადაბმული აივნები, რომლებსაც კუთხეებში აფორმებს ბალუსტრადაზე დადგმული სვეტები და აგვირგვინებს ფრონტონები. გამსახურდიას ქუჩაზე ექვსი ასეთი აივანი გამოდის, რუსთაველის გამზირზე _ ორი. შენობას აქვს ძლიერშვერილი პროფილირებული კარნიზი დეკორატიულად გაფორმებული კრონშტაინებით.2000-იან წლებში სახლს რუსთაველის გამზირის მხარეს დაშენდა მეოთხე სართული, რომლის არქიტექტურული გაფორმებაც ძირითადი ნაწილისას იმეორებს, კუთხის ღია ლოჯიის ჩათვლით. ეზოს მხრიდან ბოლო წლებში სახლს მიშენდა დამატებითი მოცულობა, რომელმაც ჩახერგა ეზოს შესასვლელი.შენობა საბჭოური საცხოვრებელი არქიტექტურის კარგი ნიმუშია.