ქ. ბათუმი, რევაზ კომახიძის ქუჩა N1
1888 წელს ფერად-ბეგ ბეჟანიძის მიერ აგებული ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარი ორსართულიანი შენობა, რ.კომახიძის ქუჩაზე გრძივი, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე კი განივი ფასადით გადის. აქედან პირველის ცენტრში თაღოვანი აჟურული ჭიშკრის მქონე თაღოვანი (გვირაბი დღეისთვის დადაბლებულია და თაღის ნაწილში საცხოვრებელი ფართია მოწყობილი) გვირაბია გაჭრილი, რომლის მეშვეობითაც შიდა ეზოში ვხვდებით. შენობა ეზოს ოთხი მხრიდან ფარგლავს, უკანასკნელი ძლიერ სახეცვლილია. ჭიშკრის მარცხნივ სადარბაზოს კარია. შენობის პირველი სართული ქვისაა და მასში გაჭრილია სწორკუთხა ვიტრინები. შუაკედლისებს კი, ჩაღრმავებულზედაპირიანი პილასტრები აუყვება. ღიობთა თავზე სართულებს შორის გამყოფ სარტყლამდე სწორკუთხა კვადრატებისა და მართკუთხედებისგან შედგენილი კომპოზიციებია მოთავსებული. ძალზედ საყურადღებოა ჭიშკრის პორტალის მორთულობა, რომელიც შორეულად მაგრამ მაინც ქართულ ხუროთმოძღვრულ მორთულობასთან პოულობს პარალელებს: თაღოვან, ორად გაყოფილ ღიობს გვერდებში წყვილი, "ბურთულებიანი" და სამაჯურებიანი თავბოლო სამკაულის მქონე ლილვები აუყვება, რომლებზეც გადაყვანილია ასევე ორი ლილვისაგან შედგენილი თაღი.
ხანძრის შედეგად გადარჩა მხოლოდ ფასადი, რომელზედაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.