ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N36
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
მართკუთხა ფორმის სამსართულიანი სახლი მანსარდით 1900 წელს არის აშენებული. ის შელესილი და ნაცრისფრად შეღებილი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გადის. ფასადის ცენტრი უკავია მსუბუქად შვერილ რიზალიტს, რომელიც ერთმანეთის თავზე აღმართული გრძელი და მოკლე ლითონის აჟურული აივნებით არის ფლანკირებული. აჟურულია აივნების ფარდები და სახურავების საყრდენი მოდილიონებიც. რენესანსული არქიტეტქურიდან ნასესხები მამკობი ელემენტები _ საჭექი ქვებითა და სანდრიკებით გაფორმებული მშვილდთაღოვანი სარკმლების საპირეები, რაფების ქვეშ განთავსებული მცენარეული ორნამენტით შევსებული მართკუთხედების კიდეები, სართულშუა სარტყლები თუ კარნიზი და მისი საყრდენი კრონშტაინები თეთრად არის დაფერილი. ლითონის ქერცლოვანი ფირფიტებით დაბურული მანსარდის ცენტრს, რომელიც რიზალიტის ფრონტონის ხაზს ემთხვევა, გუმბათისებრი სახურავი აქვს. მის თავზე აღმართულ პარაპეტზე მშენებლობის წელი და სახლის მფლობელის _ ეტიენ ალბერინის (Eტტიენე Aლლბერინი) სახელი წერია. რიზალიტის ფარგლებში მოწყობილ სადარბაზოს ხის დეკორატიულად გაფორმებული კარი აქვს. სადარბაზოში ჭერის ნაძერწი კარნიზი და კიბის ლითონის აჟურული მოაჯირია დარჩენილი. შენობის ვიწრო შიდა ეზოში სადარბაზოს გვერდით მოწყობილი ტალანი გადის. სახლის უკანა კედლის ავთენტური სახე გვიანდელი მინაშენების და გადაკეთებების შედეგად სრულიად არის შეცვლილი.ნაგებობა მჭიდრო განაშენიანებაში იმპოზანტურობით გამოირჩევა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის არქიტეტქურული სახის შექმნაში.