ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ.ხუცუბანი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ჯამე ნაგებია ქვის თლილი, მოზრდილი კვადრებით. ნაკერები ხაზგასმულია ხსნარის ფერით. ზომები: 7,5 X 6,8 მ. საბურავად გამოყენებულია შიფერი. ჯამე გეგმით კვადრატს უახლოვდება, სამხრეთით ქვის თაღოვანი მიჰრაბით. მიჰრაბს შუა ნაწილამდე ორმაგი ლილვი აუყვება, ზედა ნაწილი რუსტიკით სრულდება. შიდა სივრცე აზიდულია და ეყრდნობა ოთხ წახნაგოვან სვეტს, სვეტების ბაზისები კვადრატულია. ქორო, მიმბარი და კათედრა მოშლილია. აღმოსავლეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები დანაწევრებულია თაღოვანი სარკმლებით, რომლებიც ამოშენებულია. კედლები ბათქაშითაა შელესილი, შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. იატაკზე მოსხმულია ბეტონი. ჩრდილოეთ შესასვლელს ქვის პორტალი აქვს. პორტალი მოჩუქურთმებულია რომბებით და მასში შეპარული ბოლნური ჯვრებით. ჯამე დგას სასაფლაოს ტერიტორიაზე.