ქ. ბათუმი, ნოე ჟორდანიას ქუჩა N14
ძეგლის მოკლე დახასიათება
თავდაპირველად სახლი სამსართულიან ნაგებობას წარმოადგენდა. მისი მესამე სართული მსახურებსა და სამრეცხაოს ეკავა, რომელიც 1918 წელს ხანძრის გამო დაიწვა. ამჟამად ორსართულიანი შენობის ფასადი კლასიცისტური და ბაროკული სტილისთვის დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტებითაა შემკული. შენობის კიდურა მონაკვეთები მცირედად შვერილი რიზალიტებითაა აქცენტირებული. სადარბაზოში შესასვლელი კარი მარცხენა რიზალიტშია გაჭრილი, მას ლითონის წინფრა აქვს, ხოლო ეზოსკენ მიმავალი გვირაბი _ მარჯვენაში. ეზოს ჭიშკარი აჟურული ლითონისაა, რომელზეც სახლის აშენების თარიღი და მესაკუთრეს ინიციალებია ამოტვიფრული [1892, П.С], აქვეა მგლის ლითონის თავის რელიეფური გამოსახულებაც. პირველი შედარებით სადად გაფორმებული სართულის ფასადი რუსტირებული შვერილებითაა დანაწევრებული, რომელთა შორის კარ-სარკმელთა მართკუთხა ღიობებია გაჭრილი. სავარაუდოდ, სარკმელთა ღიობები გადაკეთების შედეგი უნდა იყოს.პირველი სართულისგან შედარებით მეორე სართული ბევრად უხვადაა გაფორმებული დეკორატიული ელემენტებით. აქ რიზალიტები კორინთულკაპიტელებიანი კანელურებით დაღარული პილასტრებითაა აქცენტირებული. რიზალიტებში გაჭრილი ღიობები თაღოვანი მოხაზულობისაა, ხოლო დანარჩენი სარკმლები _ მშვილდთაღოვანი. სახლის კარნიზს ქვედა არესთვის გამოყენებულია ვარდულები, პირამიდისებრი კუბების მოტივი, ხოლო უშუალოდ ლავგარდანს კბილანებიანი ფრიზი მიუყვება. შენობას მართკუთხა პარაპეტი ასრულებს, რომლის კიდურა ნაწილებში ბალუსტრადებია.შენობა მნიშვნელოვანია თავისი მაღალი სამშენებლო ოსტატობით და გემოვნებით განაწილებული კლასიცისტურ-ბაროკული დეკორით.