ქ. ბათუმი, ნოე ჟორდანიას ქუჩა N5 - ქუთაისის ქუჩა N9
ძეგლის მოკლე დახასიათება
სახლი, სავარაუდოდ, აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მის პირველ სართულზე ჭურჭლეულობის მაღაზია და საბითუმო სავაჭრო სახლი იყო გახსნილი, ხოლო მეორე სართულზე სასტუმრო `ევროპა~. ამ სასტუმროში 1883-1886 წლებში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი. კუთხის სახლი ორსართულიანი ნაგებობაა, შელესილი ფასადებით. სართულები ერთმანეთისგან პროფილირებული სარტყელითაა გამოყოფილი, თუმცა მთელს სიგრძეზე გაყოლებული აივნის გამო (გვიანი დანამატია) ეს სარტყელი არ აღიქმება. პირველი სართულის ფასადი პილასტრისებური, რუსტირებული შვერილებითაა დანაწევრებული, რომელთა შუაში არსებული კედლები კარ-სარკმელთა სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. მხატვრული თვალსაზრისით ბევრად მეტყველია მეორე სართულის გაფორმება. აქ ხდება ფასადის რიტმული დანაწევრება კანელურებიან პილასტრებს შორის მოქცეული ღიობებით. რიტმულადაა განაწილებული სარკმელს ზედა მორთულობებიც, აქ ერთმანეთს ენაცვლება სარკმლები ჰორიზონტალური თავსართებითა და სარკმლები რკალური ფრონტონებით. პროფილირებულ ლავგარდანს ქვემოთ მეანდრისებრი ფრიზი მიუყვება. სახლს ლითონის აჟურულმოაჯირიანი პარაპეტი გააჩნია.კლასიცისტური სტილში აგებული ნაგებობა თავისი პროპორციებითა და საერთო მოცულობით, კარგად ეწერება ქუჩის განაშენიანებაში და ქუჩათა გასაყარზე მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს.