ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N44
ძეგლის მოკლე დახასიათება
XiX საუკუნის დასასრულს აგებულ, ნ. ფანდიევის სამსართულიან სახლში განთავსებული იყო სამეანო და სამასაჟო კაბინეტი, პირველ სართულზე-ცემენტისა და მოზაიკის ნაკეთობათა საწყობი.
შენობის მარცხენა კიდეში გამოიყოფა რიზალიტი. მის ნაპირებს და შენობის მარჯვენა კიდეს იარუსებად განლაგებული პილასტრები გასდევს. რიზალიტში განთავსებულია სადარბაზოს შესასვლელი და კიბეები. ეს ნაწილი სრულდება პარაპეტის სიბრტყეზე მოცემული დეკორატიული ფრონტონით, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი-კბილანების მწკრივიანი პროფილირებული კარნიზით. პირველი სართულის თაღოვანი მოხაზულობის კარის გარდა, ყველა ღიობი სწორკუთხაა. ფასადი სართულშუა კარნიზებით არის დაყოფილი, კედლის სიბრტყე დანაწევრებულია ღიობებით, მათ თავზე განთავსებული სანდრიკებით და ქვემოთ მოცემული პროფილირებული ჩაწეული სიბრტყეებით. სართულები განსხვავებულადაა დამუშავებული. პირველი სართული დანაწევრებულია პილასტრისებრი რუსტირებული შვერილებით. მეორე სართულზე პილასტრები და საერთოდ კედლის სიბრტყე გამოზიდული, ერთმანეთს დაშორებული განივი ზოლებითაა გაფორმებული, ხოლო სანდრიკების შუაში ჩართულია ქალის თავის მცირე ზომის ბარელიეფური გამოსახულებები. მესამე სართულზე პილასტრები კანელურებით არის დამუშავებული და ვოლუტებიანი კაპიტელები ასრულებს. ფასადის შუა ნაწილი ერთ ღერძზე განლაგებულ, დაკიდულ აივნებს უკავია, რომლებსაც სხმული, მსხვილნახატიანი აჟურული მოაჯირები და ასევე დამუშავებული დეკორატიული კრონშტეინები აქვს. ნაგებობა კლასიცისტური სტილის დეკორატიული ელემენტებით გაფორმებული ფასადით და ზომიერი პროპორციებით კარგად ეთანხმება ქუჩის განაშენიანებას. შენობას მარცხენა მხრიდან აგრძელებს ერთსართულიანი მინაშენი, რომელსაც ლ.ასათიანისა და მ. აბაშიძის ქუჩების კუთხე უკავია. როგორც ჩანს, იგი ძირითადი შენობის დამხმარე ფლიგელს წარმოადგენდა. დღეისათვის ამ ნაგებობის ავთენტური მხატვრული გადაწყვეტა დაკარგულია.