ქ. ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N22
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
კომერციულ-სავხოვრებელი დანიშნულების შენობა XIX საუკუნის დასასრულს აიგო. საერთო განაშენიანებაში ჩართული ორსართულიანი სახლი მთავარი ფასადით ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე გადის. შენობის პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული და მისი კედელი დანაწევრებულია დიდი ზომის სწორკუთხა ღიობებით, აღნიშნული სართულის მარჯვნიდან-მარცხნივ მეორე და მეოთხე ღიობს შორის შიდა ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბია გაჭრილი, რომელსაც ლითონის ჭიშკარი აქვს შებმული. პირველისგან განსხვავებით მეორე სართული მეტნაკლებად კარგად არის შემონახული, იგი შელესილი და შეღებილია. მისი ჰორიზონტალური ზოლებით დასერილი კედელი დანაწევრებულია თაღოვანი ღიობებით. ღიობებს ზედა ნაწილში, თაღის შემომწერი პროფილირებული თავსართები ამკობთ, რომლებიც ერთმანეთთან, თაღთა ქუსლის დონეზე იმავე პროფილის, ჰორიზონტალური თაროებით არიან დაკავშირებული. თაღთა ცენტრში გლუვი, საჭექი ქვებია დასმული. მეორე სართულს მცირე წყვეტილით ლითონის შეკიდული აივანი გასდევს. იგი ძლიერ გადაკეთებულია, მაგრამ კარგად გაირჩევა თავდაპირველი აჟურული მოაჯირები. მთლიანად ფასადი შვერილი კარნიზით სრულდება, რომელსაც მოსდევს პარაპეტის, პროფილირებული კარნიზით დაგვირგვინებული, ჰორიზონტალურად წაგრძელებული, სწორკუთხა უბეებით დანაწევრებული კედელი. პარაპეტი სიმეტრიის ღერძიდან ოდნავ მარცხნივ, მშვილდათაღოვანი ფრონტონით სრულდება, უკანასკნელის გულში წრიული მედალიონია დასმული. შენობის შიდა ეზო ძლიერ დაზიანებულია და თითქმის მთლიანად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ფასადის მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთა ნიშნები. აღნიშნული ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.