საცხოვრებელი სახლი
ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის 48
სახლის ეზოში შესასვლელის თავზე არსებული წარწერის თანახმად შენობა 1895 წელსაა აგებული, აქვეა მოცემული, სავარაუდოდ, მესაკუთრის ინიციალებიც: ` НСС~. სახლის ორივე სართულის ღიობები მართკუთხაა. პირველ სართულზე მათ პროფილირებული საპირეები შემოუყვებათ, რომელთა ზედა ნაწილის ცენტრში საჭექი ქვებია მოცემული. გარდა ამისა, ეს სართული რუსტირებული პილასტრებითაა დანაწევრებული. მეორე სართულის ღიობებსაც პროფილირებული, მართკუთხა საპირე შემოუყვებათ, თუმცა აქ საპირე, ზედა ნაწილებში `საფეხურებს~ აკეთებს და ისე შემოსდევს ღიობს. საპირეთა შვეულ ზოლზე, იქ სადაც `საფეხური~ კეთდება თითო დეკორატიული დეტალია ჩასმული. ღიობთა ზემოთ პროფილირებული სანდრიკებია, რომელთა ქვემოთაც ჭაბუკის მცირე რელიეფური თავებია მოცემული. სახლის მეორე სართულზე ლითონის აჟურულმოაჯირებიანი აივნებია გადმოკიდული. შენობას პროფილირებული ლავგარდანი გაუყვება, რომელსაც ქვემოთ მეანდრის მოტივის იმიტაციის მქონე ფრიზი გასდევს. ეზოში შესასვლელი გვირაბის კედლები ნალესობითაა დაფარული. რიგ მონაკვეთებში, ჩამოცვენილი ნალესობის შიგნით მოჩანს ცისფერი და წითელი შეფერილობის საღებავი. შესაძლოა შესასვლელი გვირაბი, როგორც ეს ბათუმის სხვა სახლებშიც შეგვხვდა მოხატული იყო. შენობა მნიშვნელოვანია როგორც XIX საუკუნის ბოლო წლებში ზუსტად დათარიღებული საცხოვრებელი სახლის ნიმუში, სადაც კარგად ჩანს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ორნამენტული რეპერტუარი. ასევე მნიშვნელოვანია ქუჩის განაშენიანების მასშტაბისათვის, ის კარგად ეწერება მაზნიაშვილის ქუჩის დაბალ განაშენიანებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ახალი უკვე აგებული თუ მიმდინარე მშენებლობებით ალაგ-ალაგ დარღვეულია