ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N9
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
სახლი, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. მისი მფლობელი იყო ვინმე ი. ჩერტკოვი. ქვის მაღალ რუსტირებულ ცოკოლზე მდგარი სამსართულიანი შენობა კუთხის ნაგებობას წარმოადგენს. შენობის სიმეტრიულად განაწილებული ფასადი სარკმელთა მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. სწროკუთხა მოყვანილობის შესასვლელი შენობის ცენტრშია გაჭრილი, რომელიც ფლანკირებულია ცოკოლზე დაფუძნებული მრგვალი სვეტებით. მეორე და მესამე სართულების დონეზე ასევე გვხვდება შეწყვილებული სარკმლებიც. პირველი სართულის გლუვი ფასადი ნალესობაში გამოყვანილი თარაზული ღარებითაა დამუშავებული. სარკმელთა ღიობების ქვემოთ ნალესობაშივე გამოყვანილი მცენარეულ მოტივიანი პანელებია განთავსებული. განსხვავებულადაა გადაწყვეტილი მეორე სართულის ზედაპირი, რომელიც სადა და ხაოიანი ფაქტურის მქონე ზედაპირების მონაცვლეობითაა შექმნილი. რაც შეეხება მესამე სართულს აქ კვლავ გლუვი, სადა რუსტირებული ფასადია, რომელიც შეწყვილებული სარკმლებითაა დანაწევრებული. მეორე და მესამე სართულების გამყოფად ნალესობაში შესრულებული განიერი, მცენარეულ ორნამენტიანი არშია მიუყვება. მცენარეულ მოტივს ვხვდებით ასევე კარნიზის ქვეშ, ფრიზზე. კარნიზს სადა პროფილის, კბილანებიანი სახე აქვს მიცემული. კ. გამსახურდიას ქუჩაზე გამომავალი ფასადი პარაპეტით სრულდება, ხოლო კუთხე (შენობის მარცხენა კუთხეში) შპილიანი ქვის კუბითაა დასრულებული, რომელიც პლასტიკურადაა დამუშავებული. შენობის მხატვრულ სახეს განსაზღვრავს ფასადის სიმეტრიულობა, რომლის ცენტრალური შვეული ღერძიც აქცენტირებულია და ხაზგასმულია რიზალიტით, რომელშიც გაჭრილია ცენტრალური კარი და გარდა ამისა, კედლის ზედაპირის დამუშავების განსხვავებული მიდგომით. შენობას გააჩნია მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება. ის მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, რომელიც თავისი მასშტაბითა და პროპორციებით კარგად ეწერება ქუჩის განაშენიანებაში.