ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N68 / ილია ჭავჭავაძის ქუჩა N18
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ი. ჭავჭავაძისა და გენერალ მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე შენობა 1892 წელს აიგო. მას სავარაუდოდ, სავაჭრო ფუნქცია უნდა ჰქონოდა. ფსევდოისტორიული სტილის სამსართულიანი მანსარდით დასრულებული ნაწილი დაშენებულია 2012-2014 წლებში. შენობის ძველი ნაწილი სწორკუთხა ვიტრინებით არის გახსნილი. ვიწრო შუაკედლისები და ღიობების თავზე კედლის სიბრტყე შელესილია და მოყვითალო-ქვიშისფერზეა შეღებილი. თავშეკავებული არქიტექტურული დეკორი ინდივიდუალურობით ხასიათდება: შუაკედლისებს რუსტიკის იმიტაციით შედგენილი პილატსრები აუყვება. მათ ასრულებს ტალღისებური პროფილის მქონე კაპიტელები, რომლებიც გვირილის მსგავსი პლასტიკურად ნაძერწი ყვავილებით არის გაფორმებული. უშუალოდ ვიტრინების თავზე მომრგვალებულბოლოებიანი მართკუთხედებია გამოყვანილი. მათ სავარაუდოდ, სარეკლამო აბრების განსათავსებლად იყენებდნენ. ქუჩების კვეთაზე შენობის კუთხე აღნიშნულია ნახევარსვეტით. მას სტილიზებული კორინთული კაპიტელი აქვს. გენერალ მაზნიაშვილის ქუჩის მხრიდან მოწყობილი კარის თავზე მცენარეული ორნამენტი და აშენების წელია გამოყვანილი. ფასადებს პროფილირებული კარნიზი ასრულებს. ბათუმისათვის სახასიათო მცირე ზომის შენობა ფასადების ინდივიდუალური გადაწყვეტით გამოირჩევა. ნაგებობა ისტორიული შენობის თანამედროვე ადაპტაციისა და ინტერპრეტაციის ნიმუშია.