ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N68 / ილია ჭავჭავაძის ქუჩა N18
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ი. ჭავჭავაძისა და გენერალ მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე შენობა 1892 წელს აიგო. მას სავარაუდოდ სავაჭრო ფუნქცია უნდა ჰქონოდა. 2012-2014 წლებში ერთსართულიან ნაგებობას სამი სართული და მანსარდა დააშენეს.შენობის ძველი ნაწილი სწორკუთხა ვიტრინებით არის გახსნილი. ვიწრო შუაკედლისები და ღიობების თავზე კედლის სიბრტყე შელესილია და მოყვითალო-ქვიშისფერზეა შეღებილი. თავშეკავებული არქიტექტურული დეკორი ინდივიდუალურობით ხასიათდება: შუაკედლისებს რუსტიკის იმიტაციით შედგენილი პილატსრები აუყვება. მათ ასრულებს ტალღისებური პროფილის მქონე კაპიტელები, რომლებიც გვირილის მსგავსი პლასტიკურად ნაძერწი ყვავილებით არის გაფორმებული. უშუალოდ ვიტრინების თავზე მომრგვალებულბოლოებიანი მართკუთხედებია გამოყვანილი. მათ სავარაუდოდ სარეკლამო აბრების განსათავსებლად იყენებდნენ. ქუჩების კვეთაზე შენობის კუთხე აღნიშნულია ნახევარსვეტით. მას სტილიზებული კორინთული კაპიტელი აქვს. გენერალ მაზნიაშვილის ქუჩის მხრიდან მოწყობილი კარის თავზე მცენარეული ორნამენტი და აშენების წელია გამოყვანილი. ფასადებს პროფილირებული კარნიზი ასრულებს.ბათუმისათვის სახასიათო მცირე ზომის შენობა ფასადების ინდივიდუალური გადაწყვეტით გამოირჩევა. სამჯერ დიდი ფსევდოისტორიულ სტილში გადაწყვეტილი დაშენება თრგუნავს ძველ შენობას და აძნელებს ძეგლის აღქმას.