ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. თხილვანა
ძეგლის მოკლე დახასიათება
თხილვანის ეკლესია გეგმაში წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას. ეკლესიის ნანგრევები მოქცეულია ქვა-ღორღის უზარმაზარი ხელოვნური ბორცვის ქვეშ და მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. ეკლესია გეგმაში სწორკუთხაა და დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდათი. შესასვლელი იკითხება სამხრეთ და დასავლეთ მხრიდან. ეკლესიის ცენტრალური ნაწილი გადახურული უნდა ყოფილიყო ორფერდა, ხოლო გვერდითი ნაწილები ცალქანობიანი საბურავით. განათხარი მასალით ჩანს რომ საბურველი გადახურული იყო ლორფინით.
ეკლესიის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა, სამშენებლო ტაქნიკა, არქიტექტურული დეტალები მიუთითებენ, რომ იგი X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აგებული. ტბელ აბუსერისძის ნაშრომის მიხედვით ირკვევა, რომ თხილვანის იოანე მახარობლის ეკლესია ტბელის დას – დედოფალთ-დედოფალს ვანენს აღუდგენია.
არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1978-1979 წლებში. აღსანიშნავია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ტიმპანის ქვა, რომელიც დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. ქვაზე ამოტვიფრულია შვიდსტრიქონიანი წარწერა : “ქრისტე წმინდაო იოვანე მახარობელო, დაიცავენ სულითა და ხორცითა ერისთავთ-ერისთავი აბუსერი და დედოფალი ვანენი და ძე მათი ზაქარია და შვილნი მათნი და ყოველი ერი მათი და მოხაიშნე ექმენ დღეს ამისა სასჯელისა, ნუ დასჯი.”