ქ. ბათუმი, აკაკი წერეთლის ქუჩა N1
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ორსართულიანი შენობა გეგმაში ლათინური L-ის მსგავსია. იგი თბილისის მოედნიდან წერეთლის ქუჩაზე მართი კუთხით უხვევს. ნაგებობის შელესილი ფასადების მორთულობა თავშეკავებული და სადაა. პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული და განიერი, სწორკუთხა მოხაზულობის ვიტრინებით ნაწევრდება. მეორე სართულზე, ბრტყელ პილასტრებს შორის რიტმულად განლაგებული სწორკუთხა ღიობებია, რომლებსაც სამი მხრიდან პროფილირებული საპირე უვლის. ფანჯრის ღიობთა ჩამოსწვრივ, მათივე სიგანის, გლუვი სწორკუთხა ნაშვერებია მოთავსებული. შიდა ეზოში შესასვლელი გვირაბი თბილისის მოედნის მხრიდანაა. მეორე სართულზე სხვადასხვა ზომის ლითონის აჟურულმოაჯირებიანი აივენებია მიბჯენილი – აქედან სამი ცალქანობა საჩრდილობლით სრულდება. შენობა საყურადღებოა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით. იგი ერთი მხრივ თბილისის მოედნის კუთხეს აყალიბებს, ხოლო მეორე მხრივ – წერეთლის ქუჩის დასაწყისს. გეგმარებისა და ფასადების გადაწყვეტის მიხედვით ნაგებობა თავდაპირველად, შესაძლოა სასტუმროს წარმოადგენდა. ფასადთა მორთულობაში შეინიშნება კლასიცისტური სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები.