ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N41
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ლათინური I-ის ფორმის სამსართულიანი სახლის არქიტექტურა რამდენიმე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება. თავიდან ის უნდა ყოფილიყო ერთსართულიანი შენობა, რომელსაც 1937 წელს ორი სართული დააშენეს. რამდენიმე წლის წინ მას მანსარდაც დაადგეს. მჭიდრო განაშენიანებაში ჩართული ნაგებობის მთავარი ფასადი შელესილი და შეღებილია. მოწითალო აგურისფერი საღებავი ბევრგან აყრილია და მის ქვეშ რუხი შელესილობა მოჩანს. სწორკუთხა ღიობების რიგით დანაწევრებული პირველი სართულის შუაკედლისები დაფარულია რუსტიკის იმიტაციით, რომელიც ზედა ორი სართულის მომცველ კიდურა პილასტრებზეც მეორდება. იმპოზანტურად გამოიყურება ასევე ორ სართულზე აყოლებული, უზარმაზარი იონიური კაპიტელებით დასრულებული პილასტრები. ისინი ფასადის ცენტრალურ არეს ამკობს. კედლის სიბრტყეზე სიმეტრიულად განთავსებულ რკინაბეტონის აივნებს რიკულებიანი მოაჯირები აქვს.გვერდიგვერდ განთავსებულ სადარბაზოსა და ეზოში შესასვლელ ტალანს სახლის მარჯვენა კიდე უკავია. სადარბაზოში ახალი საღებავის ქვეშ საალფრეო მოხატულობის კვალი იკითხება. ეზოს ფასადებს გვიანდელი მინაშენების და გადაკეთებების შედეგად თავდაპირველი არქიტექტურული სახე სრულიად აქვს დაკარგული.სახლი ადრეული საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია ბათუმში.