ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N45 / რევაზ კომახიძის შესახვევი N10
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი, გეგმაში ლათინური L–ის მოხაზულობის შენობა განაშენიანებაშია ჩართული, მთავარი ფასადით კომახიძის შესახვევზე, წიბოს ვიწრო ფასადებით კი კ. გამსახურდიას ქუძაზე გადის. ბლოკით აგებული სახლი ფასადის მხარეს შელესლილია და შეღებილი. პირველი სართულის დიდი ნაწილი თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული, რომლის წყობაშიც დაბალი რუსტებია გამოყვანილი. ვიწრო ფასადის ქვედა ნაწილში სარდაფში ჩასასვლელი კიბეა მოწყობილი, რომელიც ლითონის თაღოვანი წინფარათია გადახურული. შესახვევზე გამავალი ფასადის მარჯვენა ნაწილში ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი, რომელსაც ლითონის აჟურული ჭიშკარი აქვს შებმული. გვირაბის მარჯვნივ ასევე წინფარიანი სადარბაზოს კარია. სართულის დანარჩენი ნაწილი დიდი ვიტრინითა და მის მარჯვნივ არსებული სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული (აღნიშნული მონაკვეთი კომერციულადაა ათვისებული). მეორე სართული ასევე სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული, მათი მორთულობა კლასიცისტური რეპერტუარიდანაა ნასესხები. აღნიშნულ სართულზე გვირაბისა და თაღოვანი წინფარას თავზე ლითონის შეკიდული, ცალქანობა საჩრდილობლებით დაბურული შეკიდული აივნებია მიდგმული. შენობის პროპორციები და მასშტაბი კარგად არის მორგებული ადგილმდებარეობას. იგი საყურადღებო როლს ასრულებს ქუჩისა და საერთოდ უბნის განაშენიანებაში.