ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N10
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი კუთხის შენობა რენესანსულ-კლასიცისტურ სტილშია შესრულებული. ნაგებობა მოპირკეთებულია შირიმის ქვით. ღრმად ჩაკვეთილი ხაზებით იქმნება ქვის წყობის იმიტაცია. ფასადები უხვად არის დეკორირებული. შენობის კუთხეები ოდნავ შვერილი რიზალიტებით არის გამოყოფილი. სართულები ერთმანეთისგან პროფილირებული კარნიზით არის გამიჯნული. პირველი სართულის სიბრტყე რუსტირებული პილასტრებით არის დამუშავებული, რომელთა შორის ყოველგვარ დეკორს მოკლებული სწორკუთხა ღიობებია ჩასმული. აღსანიშნავია, რომ ღიობების მოყვანილობა ყველგან იდენტურია ( სწორკუთხა მოყვანილობის). შენობის პირველ, სადა სართულს ენაცვლება მეორე სართულის სადღესასწაულოდ გაფორმებული ღიობები. რიზალიტებში თითო სარკმელია მოცემული, რომელსაც თხელი, პროფილირებული ჩარჩო მიუყვება, რომელზეც არქიტრავისებური თავსართია გადებული. მეორე სართულზე ორი გვერდითი ღიობის წინ, მძლავრ კრონშტეინებზე დაფუძნებული ლითონის, აჟურულმოაჯირიანი აივანია მოწყობილი. აივნიანი ღიობები სრულდება ფრონტონიანი თავსართით. რენესანსულ-კლასიცისტურ სტილში შესრულებული ეს მძლავრი, მონუმენტური ნაგებობა გამოირჩევა მკაფიო ტექტონიკურობითა და მასშტაბურობით.