შუახევის მუნიციპალიტეტი. სოფ. ფურტიო
ძეგლის მოკლე დახასიათება
ფურტიოს ერთმალიანი ხიდი აგებულია ადგილობრივი დაუმუშავებელი ქვით და დადუღაბებულია კირის ხსნარით. ხიდის მალი 10 მეტრს შეადგენს. სავალი ნაწილის სიგრძეა 15 მ. სიგანე ყველგან თანაბარი არაა, იქ, სადაც იგი ყველაზე ვიწროა (ცენტრში) მისი სიგანე 2,15 მეტრია, ნაპირებისაკენ კი თანდათან ფართოვდება.ხიდის თაღს პარაბოლური მოხაზულობა აქვს, რაც განპირობებულია იმით, რომ თაღის შემაღლების ისარი მალის 1/5-ს შეადგენს. ხიდის კამარა ორივე მხარეს ეყრდნობა კლდეს, რომლებიც ბუნებრივი საყრდენების როლს ასრულებს. სავალი ნაწილი ნაპირებისკენ დაქანებულია და ცენტრში ქმნის წყალგამყოფს ატმოსფერული ნალექების გადასაყვანად. ფურტიოს ხიდის გამბჯენ ძალებს შთანთქავს ის მასიური კლდეები, რომელთაც თაღი ეყრდნობა. ეს კლდოვანი გამონაშვები ამ ადგილს ქმნის ყველაზე ვიწრო კალაპოტს. ხიდის სიმაღლე მდინარის დონიდან კამარის წვერომდე 6 მეტრია, საჭექის სისქე - 0,70.