ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N57
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ერთსართულიანი სახლი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. იგი გეგმაში კვადრატული მოხაზულობისაა და მთავარი, შელესილი და შეღებილი ფასადით გორგასლის ქუჩაზე გადის. ფასადი რუსტირებული ცოკოლითაა ამაღლებული. მარჯვნიდან-მარცხნივ მეოთხე ღიობი სადარბაზოს კარს ეკუთვნის და ლითონის აჟურულკონსოლებიანი თაღოვანი წინფარათია დაბურული. ფასადის დამანაწევრებელი ყველა ღიობი თაღოვანია და არშიაშემოვლებული. მარჯვნიდან-მარცხნივ მეორე ღიობი ასევე კარისაა. იგი ფანჯრის გაფართოვების ხარჯზეა გაკეთებული. ფასადის მორთულობაში შეინიშნება კლასიცისტური სტილის ნიშნები. ფასადი შვერილი კარნიზით სრულდება. შენობას ეზოს მხარეს, მოგვიანო გადაკეთების გამო დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. აღნიშნული ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით. კლასიცისტური ნიშნების მატარებელი კოხტა სახლი შესანიშნავად არის ჩაწერილი ქუჩის "კამერულ" განაშენიანებაში და კარგად ეხმიანება უბნის მასშტაბს.