ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N50 - სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N32
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
1930-1935 წლებში აშენებული სამსართულიანი სახლი ორი ქუჩის კვეთაზე დგას. შელესილი და ბაც მოვარდისფრო ფერზე შეღებილი გრძივი ფასადები მსუბუქად შვერილი ვიწრო და განიერი რიზალიტებით არის დანაწევრებული. ყოველგვარ დეკორს მოკლებულ კედლის ფართო სიბრტყეებს სწორკუთხა ღიობების რითი მიუყვება. ვიწრო რიზალიტების შუა მონაკვეთი იქ მოწყობილი სადარბაზო უჯრედების განათების მიზნით შემინულია. საინტერესოდ არის გადაწყვეტილი კუთხის ფასადი. ის დასაფეხურებულია და ქუჩების კვეთაზე წიბოთი გადის. მისი შემინული შუა მონაკვეთი ერთმანეთის თავზე აღმართული ლითონის მარტივი მოაჯირების მქონე აივნებით არის ფლანკირებული და სრულდება პარაპეტით, რომელზეც საბჭოთა ხელისუფლების სიმბოლო _ ნამგალი და ურო და აშენების წლებია გამოყვანილი. ლითონის აივნები ფასადების კიდეებშიც არის მოწყობილი.სახლის უკანა კედლები მცხოვრებთა სურვილისა და გემოვნების მიხედვით აივნებისა და ლოჯიის ტიპის მინაშენებით ქაოტურად არის დაფარული. შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია ბათუმში. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ორი ქუჩის, ისე მოედნის სივრცითი ორგანიზების საკითხში.