ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N10 / ზვიად გამსახურდიას ქუჩა N6
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX-XX საუკუნეების მიჯნის ორსართულიანი კუთხის შენობა, რომლის მთელ მოცულობას მანსარდის სართული ასრულებს მთავარი გრძივი ფასადით ზ. გამსახურდიას ქუჩაზე გამოდის. შენობა აგურისაა და ნალესობაში შესრულებული სადა კლასიცისტური დეკორითაა შემკული. სართულებს შორის პროფილირებული კარნიზია. ორივე სართული სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. ქუჩისკენ მიმართული ფანჯრების დიდ ნაწილს გლუვი არშია აქვს შემოვლებული. სართულებს შორის ჰორიზონტალური სარტყელია გავლებული. აღნიშნული ფასადის პირველ სართულზე განთავსებული რესტორნის ზინ გადახურული ბაქანია მოწყობილი, რომელიც მთელ ფართო ტროტუარს იკავებს. შენობის მარცხენა ნაწილში ფასადის თავდაპირველ გადაწყვეტას ფარავს მეორე სართულის წინ გამართული მინაშენი, ამის გამო მხოლოდ ნაწილიღა იკითხება ხსენებული გლუვი საპირეების მქონე ღიობებით. საცხოვრებელი სახლის გვერდითი ფასადი მელიქიშვილის ქუჩისკენ პირველ სართულზე ჩაწეული სიბრტყით არის დამუშავებული, ხოლო მეორე სართულზე დანაწევრებულია მაღალ კვარცხლბეკებზე შემდგარი დეკორატიული პილასტრებით. გვერდითი ფასადის დიდი ნაწილი წვიმის წყლის აცილების მიზნით ლითონის ფირფიტებითაა დაფარული. ნაგებობა თავისი მასშტაბითა და მხატვრული გადაწყვეტით პასუხობს და კარგადაა ჩაწერილი მოცემული კვარტალის ისტორიულ განაშენიანებაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მიშენებები და გადაკეთებები ამახინჯებს ამ ძეგლის ღირსებას.