ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N4
ძეგლის მოკლე დახასიათება
საცხოვრებელი სახლი, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აშენებული. ესაა ორსართულიანი ეზოიანი ნაგებობა, რომლის მარჯვენა ნაწილში ეზოში შესასვლელი-გვირაბია მოწყობილი. შესასვლელს ლითონის აჟურული ჭიშკარი აქვს შებმული. შენობის პირველი სართულის ფასადი დიდი ღიობებითაა დანაწევრებული. სართულები ერთმანეთისგან პროფილირებული კარნიზით გამოიყოფა, რომელსაც კბილანებიანი ფრიზი მიუყვება. მსგავსი ტიპის ლავგარდანი გასდევს შენობის მეორე სართულსაც. მეორე სართული სარკმელთა მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. სარკმლები ორ-ორადაა დაჯგუფებული (მხოლოდ ერთი მარჯვენა კიდურა სარკმელია ცალკე). ღიობები კანელურებიანი პილასტრებითაა ფლანკირებული, რომლებსაც სადა, მარტივი პროფილის თავსართი აბოლოებთ.შენობა გამოირჩევა თავისი სისადავითა და ლაკონური გადაწყვეტით, ის მოკლებულია ყოველგვარ პლასტიკურ ნაძერწობასა და ფიგურატიულ შემკულობას. მისთვის დამახასიათებელია სადა ზედაპირი, რომელიც რიტმულად ნაწევრდება ერთი სახის ელემენტებით. შენობა ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული. მას არ გააჩნია მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება, თუმცა მიუხედავად ამისა ის მაინც მნიშვნელოვანია ქუჩის განაშენიანებაში, როგორც ფონური შენობა.