ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N22
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
აგურით ნაგები სახლი თავდაპირველად ორსართულიანი იყო, რომელსაც მოგვიანებით მანსარდა დაადგეს. შენობა, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. სახლი აგურითაა ნაგები. შენობის კუთხეებში მცირედ შვერილი რიზალიტებია. მარჯვენა რიზალიტში თაღოვანი მოხაზულობის ეზოში შემავალი გვირაბია მოწყობილი, მარცხენაში ასევე თაღოვანი სადარბაზოს კარი; კიდევ ერთი სადარბაზოს კარია გაჭრილი გვირაბის მარცხნივ. თაღოვანი ღიობებია რიზალიტების მეორე სართულის დონეზეც, ხოლო შენობის ცენტრალურ ნაწილში გაჭრილ ღიობებს მშვილდთაღოვანი მოხაზულობა აქვთ. სართულები ერთმანეთისგან მარტივი პროფილის მქონე ლავგარდნით გამოიყოფა. სარკმლებს აგურის წყობაში გამოყვანილი მარტივი პროფილის მცირედ შვერილი წყობა შემოუყვება, რომლის ზედა ნაწილშიც აგურითვე გამოყვანილი `საჭექი ქვებია~. საჭექი ქვები ფასადის ერთმანეთთან მთელს სიგრძეზე გაყოლებული ორსაფეხურიანი ფრიზითაა გაერთიანებული. შენობა ორსაფეხურიანი კბილანებით შემკული კარნიზით სრულდება, რომელიც ახლა მანსარდის (მოგვიანო დანამატი) გადმოწეული იატაკის ქვეშაა მოქცეული. სახლი საინტერესოა როგორც სამშენებლო მასალის გამოყენებითა და მის მიერ მიღებული საინტერესო ეფექტით, რომლის წყალობითაც შენობა გამოირჩევა ქუჩის ამ განაშენიანებაში არსებულ სახლთაგან.