ქ. ბათუმი, 9 მარტის ქუჩა N1 / ილია ჭავჭავაძის ქუჩა N19
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ბათუმის ელექტროსადგური XX საუკუნის დასაწყისში ააგო ნიკოლოზ ფეფელოვმა. ორსართულიანი შენობა ი. ჭავჭავაძისა და 9 მარტის ქუჩების კვეთაზე დგას. ის გრძივი ფასადით ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოდის, ხოლო ქუჩების შეყრაზე გამავალი კუთხე ორსართულიანი კოშკით არის აქცენტირებული. პირველ სართულს, სადაც უშუალოდ ელექტროსადგური იყო განთავსებული, თავსართებით გაფორმებული ღიობები ანაწევრებს. კბილანების სამი რიგით მძლავრად პროფილირებული სართულშუა სარტყლის თავზე აღმართული მეორე სართული სადაა. აქ სწორკუთხა ფანჯრებია გაკეთებული. ეკლექტურად გადაწყვეტილი კოშკი ელექტროხაზების გამანაწილებლის ფუნქციას ასრულებდა. შენობას გამორჩეული ისტორიული ღირებულება აქვს, რადგან ის ბათუმის ნავთის ფარნებიდან ელექტრო განათებაზე გადასვლას უკავშირდება. ნაგებობა არქიტეტქურის საყურადღებო ნიმუშსაც წარმოადგენს. მისი გეგმარებითი სტურქტურა და პროპორცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი ქუჩის სივრცითი ორგანიზების საკითხში.