ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხერთვისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხერთვისის გარეუბან ზედობანში, ადგილ ,,წალკოტში", აქაური მცხოვრების იაშა გვიანიძის ეზოში. ძეგლი ცენტრალური გზიდან 1,7 კმ-ითაა დაცილებული. იგი შემაღლებული ბორცვის ძირშია მიდგმული. საწნახელი საკმაოდ დიდი ზომისაა. გადარჩენილია დასავლეთი კედელი. თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული დანარჩენი. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი ორგანყოფილებიანი ნაგებობა იყო. ერთი მათგანი გამოყენებული უნდა ყოფილიყო თეთრი ყურძნისათვის, ხოლო მეორე-შავისათვის. მთლიანი საწნახელის საერთო სიგრძე 6,50 მ-ია. სიმაღლე-89 სმ. პირველი აბაზანის დასავლეთი კედლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დატანილია სწორკუთხა ფოსო ჭაჭის პრესის ძელის თავის დასადებად (18X18 სმ, სიღრმე-24 სმ); ასეთივე, ოღონდ უფრო მოზრდილი მრგვალგანივკვეთიანი ფოსო დატანილია დაზიანებული განყოფილების სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში (19X19 სმ; სიღრმე-36 სმ). აქაურთა თქმით აქვე მრავლად იყო ქვევრებიც, მაგრამ სახლის მშენებლობისათვის საჭირო ფართის მომზადებისას, ისინი გაუნადგურებიათ.