ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N63
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
1905 წელს აშენებული სახლი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. თავიდან ის ერთსართულიანი იყო და მხოლოდ მოგვიანებით დაადგეს მეორე სართული. ისინი განსხვავებულად არის გადაწყვეტილი. რუსტიკის იმიტაციით დაფარული ძველი ნაწილის კიდეები მსუბუქად შვერილ რიზალიტებს უკავია. მის მარჯვენა კიდეში ეზოში შესასვლელი ღიობი, ხოლო მარცხენაში სადარბაზო კარია მოწყობილი. მათ ლომის და მცენარეულ ორნამენტში ჩართული კაცის პლასტიკურად ნაძერწი თავები აფორმებს. დაშენება შეულესავი აგურისაა, აგურითვე გამოყვანილი თავსართებით, მართკუთხედებითა და კარნიზით გაფორმებული. კარნიზის კიდეებში სამკუთხა, ხოლო ცენტრში სამნაწილიანი სწორკუთხა ფრონტონია აღმართული. ინტერიერის გაფორმებიდან აღსანიშნავია მოზაიკური იატაკი, ჭერის დეკორატიული ნაძერწობა და კიბის ლითონის აჟურული მოაჯირი.სახლის უკანა კედლები გვიანი მინაშენების და გადაკეთებების შედეგად სახეცვლილია.შენობა თავისი ეპოქის კარგი ნიმუშია. მას გარკვეული წვლილი შეაქვს ქუჩის ამ მონაკვეთის მასშტაბისა და ისტორიული განაშენიანების ხასიათის შენარჩუნებაში.