"წმ. კონსტანტინეს" გუმბათიანი ეკლესია
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა კვირიკე
ძეგლის მოკლე დახასიათება
ეკლესია დგას სასაფლაოს ტერიტორიაზე. ნაგებია სხვადასხვა ზომის თლილი ქვის კვადრებით. წყობა ქაოსურია. ქვა მომწვანო-მონაცრისფროა. ზომები: 13,0X10,5 მ. საბურავად გამოყენებულია თუნუქი. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით სამი შვერილი აბსიდით. მთავარი აბსიდის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია. პასტოფორიუმებში გაჭრილია ოთხკუთხა ნიშები. აბსიდი პასტოფორიუმებს უკავშირდება თაღოვანი გასასვლელებით. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ორსაფეხურიანი სოლეაა. სამივე აბსიდს ვიწრო, თაღოვანი სარკმლები აქვს. სატრიუმფო თაღები კვადრატულ სვეტებს ეყრდნობა. ცენტრალური ნაწილი დაყრდნობილია ოთხ მრგვალ, მასიურ სვეტზე, რომლებზეც ღია თაღედი გადადის. სვეტებს ოთხკუთხა ბაზისები აქვს. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათზე ხდება აფრების საშუალებით. გუმბათში გაჭრილია 12 სარკმელი. ჩრდილოეთი და სამხრეთ კედლებზე გადაყვანილია დეკორატიული თაღები, რომლებიც კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესიის მთელი ინტერიერი შებათქაშებულია. იატაკი მოგებულია ქვის ფილებით. გრძივ კედლებზე სიმეტრიულადაა განლაგებული თაღოვანი, ცხაურებიანი სარკმლები. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. აქედან მთავარი დასავლეთისაა, რომლის თავზე ოთხკუთხა სარკმლებია. დასავლეთ შესასვლელი მორთულია სადა პორტალით.