ზედა აჭყვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა აჭყვა
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვაში მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ბერძნული თემის ინიციატივით არის აშენებული. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. ტაძარი შემაღლებულ ბორცვზეა აღმართული და მისკენ მიმავალი გზა, რომელიც სერპანტინით შემოუყვება ბორცვს, ტერასებად ჰყოფს ბორცვის რელიეფს; ტერასების შემამაგრებელი კედლები მსხვილი ფლეთილი ქვებით არის ამოყვანილი - ქვის ეს წყობა ტაძრის აგების ავთენტური ჩანს. ეკლესია საბჭოთა პერიოდში მიტოვებული იყო: დროთა განმავლობაში ჩამოიქცა კამარა და კონქი, საყრდენი კედლების ზედა მხარე, დაზიანდა კარის წირთხლები და მოირღვა სარკმლები. ეკლესია აღდგენილია უახლოეს წარსულში და ამ ინიციატივის უკან ისევ ბერძნული თემი დგას: მათ მიერ ხელახლა გადაიხურა ტაძარი, რომელიც ხელახლა შეილესა და თეთრად შეიღება ფასადები, ხოლო დასავლეთიდან, ცენტრალური შესასვლელი კარის წინ მიედგა სამრეკლო-კარიბჭე.