ქ. ბათუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა N2 - შოთა რუსთაველის ქუჩა N7
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი კუთხის შენობა 1904 წელს არის აშენებული. 1913 წელს აქ განთავსებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო ბათუმში. მართკუთხა ღიობებით დანაწევრებულ ცოკოლის არეს რუსტიკის იმიტაციით დაფარული ზედა ორი სართული მოსდევს. სახლის რენესანსულ-ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი ფასადები დახუნძლულია არქიტექტურული ელემენტებით. ღიობებს მცენარეული ორნამენტით გაფორმებული საჭექი ქვები აღნიშნავს, მეორე სართულის ფანჯრების თავზე გამოყვანილი სანდრიკები გირლანდებითა და კარტუშებით არის გაფორმებული, მეანდრები ამკობს პირველი სართულის შუაკედლისებს, ხოლო რიზალიტების მეორე სართულის თაღოვანი ღიობები იონიური სვეტებით არის ფლანკირებული. სვეტებს კრონშტაინებზე ჩამოყრდნობილი საფეხუროვანი კარნიზი და მის თავზე აღრმართული შუაში გაწყვეტილი, მრუდხაზოვანი ფრონტონები მოსდევს. საინტერესოდ არის გადაწყვეტილი ბარათაშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადი. მას სამსართულიანი, ოთხწახნაგა ერკერი აუყვება. ინტერიერის გაფორმებიდან უნდა აღინიშნოს ცენტრალური სადარბაზოს მოზაიკური იატაკი, კიბეზე აყოლებული ლითონის აჟურული მოაჯირი და კედლებისა და ჭერის ნაძერწობა.საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა ბათუმში. თავისი მასშტაბითა და საინტერესო კონფიგურაციით, ასევე ფასადების იმპოზანტური გაფორმებით ის არსებითად განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის არქიტექტურულ სახეს.