ნინოშვილის ქ. 13 / დუმბაძის ქ. 2საცხოვრებელი სახლიXIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული ორსართულიანი სახლი კუთხის შენობაა. გრძელი ფასადით ის გადის ნინოშვილის ქუჩაზე, მოკლეთი _ დუმბაძის ქუჩაზე. სახლი ორ ფერადაა შეღებილი: კედლის სიბრტყე _ ღია მწვანედ, არქიტექტურული ელემენტები _ თეთრად. ფასადები უხვადაა შემკული ნაძერწი დეტალებით. გრძელი ფასადის კიდეებში გამოყოფილია მცირედშვერილი რიზალიტები, რომლებიც ორსავე სართულზე გაფორმებულია კანელირებული პილასტრებით. რიზალიტებს აგვირგვინებს გირლანდებით, ლარნაკებითა და სხვა დეკორატიული ელემენტებით მორთული პარაპეტები. რიზალიტებს შორის კედელში გაჭრილ მეორე სართულის ფანჯრებს რკალური ფრონტონები ადგას. შეღრმავებული არეები მათ ქვემოთ გირლანდებით არის შემკული. მეორე სართულის სამ აივანს ლითონის აჟურული მოაჯირები აქვს. სართულები ერთმანეთისაგან გამოყოფილია კარნიზითა და მის ქვემოთ გაყოლებული ორნამენტული ფრიზით. შენობას ასრულებს პროფილირებული კარნიზი, რომლის ქვემოთ კრონშტეინების და დეკორაციული ჩანართების მწკრივია.სახლს ორი სადარბაზო შესასვლელი აქვს, ორივე დუმბაძის ქუჩიდან. ამავე მხარესაა ეზოში შესასვლელი ჭიშკარიც. ეზოს მხარე სახეცვლილია გვიანდელი გადაკეთებებით. გამორჩეულად მდიდრულად გაფორმებული შენობა რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის კარგი ნიმუშია.