ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. დიაკონიძეები, ბეგოშვილების უბანი
ძეგლის მოკლე დახასიათება
სერის სიგანე 5-6 მეტრი, ხოლო სიგრძე 25 მეტრია. სერი შემოსაზღვრული ყოფილა გალავანით. ამჟამად შემორჩენილია გალავნის ერთი ნაწილი. ციხეს ერთი კოშკი აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კოშკი ოთკუთხა ფორმისაა. მისი აღმოსავლეთი მხარე მომრგვალებულია. კოშკს დიდი დაზიანება განუცდია. მისი კედლების ერთ ერთი ნაწილი გარეთ გადმონგრეულა, ხოლო მეორე ნაწილი შიგნით ჩაქცეულა და ამოუვსია კოშკი. კოშკის აღმოსავლეთ კედელში დატანებულია ორი გაურკვეველი დანიშნულების ხვრელი, რომელიც გარედან შიგნით თანდათან ვიწროვდება. გალავნის კედელი სამხრეთით სრულად აღარ ეტყობა. გადმოცემით, გალავნის ეს მხარე ნაწილობრივ თავისთავად დანგრეულა, ხოლო ნაწილობრივ ციხის ძირში მცხოვრებ მოსახლეობას დაუნგრევია მოსალოდნელი საფრთხის შიშით. გალავნის კედელი შემორჩენილია ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში. გალავნის ამ ნაწილში დატანებულია სათოფური. ჩრდილოეთის კედელი დასავლეთის მხრიდან ჯერ სწორხაზოვნად მიემართება, შემდეგ მიიხრება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და ისევ სწორხაზოვნად გრძელდება.ციხე ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის ხსნარზე. ხუროთმოძღვარი ცდილობს დაიცვას რიგების ჰორიზონტალურობა, მაგრამ ფლეთილი ქვა არ აძლევს ამის საშუალებას. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ სწორხაზოვანი რიგები შედარებით უკეთაა დაცული ჩრდილოეთის კედლის ზემოხსენებულ 11 მეტრიან მონაკვეთზე. შესაძლოა აღნიშნული კედელი უფრო ადრინდელი იყოს. ამას ისიც ადასტურებს რომ აღნიშნული კედელი უფრო დიდი ქვებითაა ნაგები და ამავ დროს ამ ნაწილში კედლის გახრა გაუმართლებელია არქიტექტურულადაც. მომდევნო კედლის ქვების სიმცირე და წყობის შედარებით უსწორობა მის მერმინდელობაზე მიგვითითებს. სავარაუდოდ განახლება XVI საუკუნის უადრესამდე არ უნდა მომხდარიყო.