ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. გეგელიძეები
ჯამე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მდებარეობს, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზიდან 2900 მ-ში. მეჩეთი მე-19 საუკუნის ბოლოსაა აშენებული. ჯამე ორსართულიანი ხის ნაგებობაა და დაშენებულია გათლილი ქვის საძირკველზე. ჯამე პირვანდელი სახითაა დღემდე მოღწეული, უახლოეს წარსულში ფასადები ფირუზისფრად შეღებეს. შენობის სიგრძეა 7 მ., სიგანე - 6,5 მ., ხოლო სიმაღლე - 4,5 მ. გადახურვა ოთხფერდაა. ჯამე კარგ მდგომარეობაშია და ფუნქციონირებს. ჯამეს დათვალიერება ვერ მოხერხდა, თუმცა 1981 წლის აღწერის მიხედვით, ცნობილია, რომ გეგლიძეების ჯამეს შიდა მხატვრული გადაწყვეტა მდიდრული ხის ჩუქურთმებით იქცევს ყურადღებას. ჯამე განახლებულია, თუნუქის ფირფიტებითაა აკრული აღმოსავლეთ-დასავლეთ ფასადები, თუნუქითვეა ჩანაცვლებული ძველი კრამიტის საბურავიც. ჩრდილოეთ ფასადზე პირვანდელი შესასვლელი კარი ახალი და სადა ერთფრთიანი კარით არის შეცვლილი.