• EN
  • ge
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია (EN)

    ხიხანის ციხე  

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით მეოთხე წელია მიმდინარეობს  უმნიშვნელოვანესი ძეგლის - ხიხანის ციხის  რეაბილიტაცია.  

     ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის,  სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კმ. ხოლო ზღვის დონიდან   2335  მეტრ  სიმაღლეზე.

    ციხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტრამდეა და ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. გალავანი ოთხი კოშკით ყოფილა დამშვენებული  რომელთა კედლებშიც სათვალთვალო სარკმელ-სათოფურებია დატანებული. მის კომპლექსში შედის სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები, როგორიცაა: თონე, მარანი, ეკლესია და დღემდე შემორჩენილი ჭა.

    აღსანიშნავია, რომ ციხეს, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნდა. როცა მტერი თბილისისა და გორის სიმაგრეების  სძლევდა, ქართველი დიდებულები   ხიხანს   აფარებდნენ თავს.

    მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი X-XIII საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე  აჭარის  ერისთავთ–ერისთავ  აბუსერიძეთა მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა.

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2012 წელს შეძენილ იქნა ხიხანის ციხის კოშკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.  2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოშკი №4-ს ; სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,შპს ტაო-ტბელმა.’’ 

     ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოშკი #3 ისა და სასახლის რეაბილიტაცია.

        

    პეტრას ციხე

     აჭარის ა/რ მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით გასულ წელს პეტრას ციხის რეაბილიტაციას დაიწყო, სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე  განხორციელდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ უბნის რეაბილიტაცია.  ( 99 000 ლ)

     მიმდინარე წელს გაგრძელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები,   რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხის აღმოსავლეთის  კედელს ( 150 000ლ)

    აღსანიშნავია ის, რომ 2016 წლისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ  შეძენილ იქნება  ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, (80 000 ლ) , რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები და აჭარის რეგიონს შეემატება კიდევ ერთი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადგილი. აქვე უნდა აღინიშნოს ის,  რომ წელს   სამუშაოების დროს ციხეზე აღმოჩენილი იქნა ბიზანტიური პერიოდის წყლის გაყვანილობის სისტემა.

    პირველად ციხის შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს ს.ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახ.ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრ.კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმ.კარიბჭე და აბანო.

    ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის- ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

      

    საბაევის სახლი

                აჭარის ა.რ მთავრობისა და განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით   ,,საბაევის ‘’სახლის რეაბილიტაცია დაიწყო.

                 აღნიშნული  საცხოვრებელი  სახლი  აგებულია  მე-19  საუკუნის   ბოლოს.  (ქ.ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. #11) იგი ერთ-ერთი ლამაზი შენობაა მთელს ბათუმში.  დიდი ზომის, სამსართულიანი, მასშტაბური კუთხის შენობა ცოკოლის სართულით, რენესანსულ - ბაროკულ სტილშია შესრულებული. ნაგებობა აგურისაა, შელესილი, უხვად შემკული პლასტიკური დეკორით. შენობის კუთხე ჩამოკვეთილია და ზედა ორისართულის დონეზე მრგვალი რიზალიტით სრულდება., რომელიც ატლანტების  მძლავრ ფიგურებს ეყრდნობა. გამოკვეთილი ტიტანები სახლს მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დაამატეს.   სახლი ეკუთვნოდა მსხვილ მეწარმეს საბაევს, მას მეორე სახელითაც მოიხსენიებენ ,,სახლი ტიტანებით”. ნიკოლოზ საბაშვილი წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ უდედან ან კიდევ ვალედან იყო.  ბათუმში ეწეოდა მცირემეწარმეობას, ჰქონდა ჭურჭლების მაღაზია მთელ შემოსავლებს აბანდებდა უძრავ ქონებაში,  მისი მეუღლე იყო ფეფო ნაზარიშვილი, მათ ჰყავდათ 9 შვილი. ნაციონალიზაციის შემდეგ, 20-იან წლებში ნიკოლოზ საბაშვილი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

                შენობის არქიტექტურა ეკუთვნის ცნობილ ქართველ სკულპტორს პოლიკლიკაშვილს.   ოდესღაც ამ შენობის ერთ ნაწილში  განთავსებული იყო რუსეთ-ჩინეთის ბანკის ბათუმის განყოფილება,  აგრეთვე აჭარის ფინანსთა სამინისტრო, მოგვიანებით პროკურატურა, ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაცვაა განთავსებული. 

               სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ივერთმშენი“ ახორციელებს.