ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვ. მახუნცეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხიდი საკმაოდ დიდი ზომისაა, ოდნავ შეისრული, ეყრდნობა ბუნებრივი კლდის ბურჯებს, რომელთა სიმაღლეები განსხვავებულია. კლდე (ბურჯები), ალაგ-ალაგ, ქვებითაა ამოშენებული. ხიდი ნაშენია ვულკანური წარმოშობის კლდის ქვით, კირის დუღაბზე. თითქმის შუაწელზე ყველაზე მეტად ვიწროვდება. მშენებლობაში ხიდის ორივე მხარეს, საპირე რკალის ფლეთილი ქვა არის გამოყენებული, რომელთა შორის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვები და ხსნარია. საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურად არის მიწყობილი. ისინი ხიდის ორივე ნაპირს მთელ სიგრძეზე გასდევს. ხიდს არ აქვს ლავგარდანი. ხიდის ჰორიზონტალური სიგრძე, ბურჯიდან ბურჯამდე, 19,5 მ., ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე - 28,7 მ., სიგანე, შუაწელზე, - 2,5 მ., ნაპირებზე, ბურჯებთან - 3 მ., თაღის სიმაღლე, წყლის დონიდან - 5,6 მ., თაღის ზედაპირამდე კი - 6,3 მ-ია.ხიდის ზედაპირი ბეტონით არის დაფარული, რომელიც ზოგან აყრილია და ადრეული ფენა - რიყის ქვები ჩანს. ხიდის ნაპირები მცენარეებით არის დაფარული. საუკუნეების განმავლობაში, ხიდის გამაგრებისა თუ შეკეთების მიზნით, ზედაპირზე ქვის წყობის ერთი და ზოგან ორი ფენაა დამატებული. ისინი სრულად განსხვავდება პირვანდელისაგან, როგორც ზომითა და ფორმით, ისე წყობის ხასიათით. ამგვარი გადაკეთება-შეკეთება ხიდს ნაწილობრივ უცვლის პირვანდელ სახეს და ამძიმებს მის კონსტრუქციას.