ქ.ბათუმი, საიათნოვას ქუჩა N3
ძეგლის მოკლე დახასიათება
სახლი XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული, რაზეც მეტყველებს ფასადების მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტებით გაფორმება. ორსართულიანი შენობის ფასადები შელესილია და მორთულია ნაძერწობით გამოყვანილი დეტალებით. პირველი სართულის რუსტირებულ პილასტრებს შორის მართკუთხა ღიობებია ჩაჭრილი. მეორე სართულის ზედაპირიც სარკმლების მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული, რომლის ზემოთაც ტალღისებური მოტივით გაფორმებული ორნამენტული რიგი მიუყვება, ასეთივე ფრიზი გასდევს ლავგარდნის ქვემოთაც. შენობის მარჯვენა კიდურა ნაწილი მართკუთხა პარაპეტითაა დასრულებულია, რომელზეც ბურთულებით დაგვირგვინებული კოშკურებია განთავსებული, რომელთა ზედაპირიც მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტებითაა შემკული. შენობა მნიშვნელოვანია როგორც მოდერნის სტილის საინტერესო ნიმუში.