შუახევის მუნიციპალიტეტი. სოფ. დარჩიძეები
ძეგლის მოკლე დახასიათება
ციხე მდებარეობს მარეთისწყლის ხეობაში. ციხეს წაგრძელებული ტრაპეციისებური ფორმა აქვს და დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. ციხის გალავნის კედლები მეტნაკლებად ოთხივე მხარესაა შემორჩენილი. უფრო კარგადაა დაცული დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლები. ჩრდილოეთი კედელი სწორხაზოვანია-სიგრძე 23 მ. მაქსიმალური სიმაღლე-3 მ-ს აღწევს. ჩრდილოეთი კედელი უფრო სქელია, 1-1,2 მ-ს შორის მერყეობს. ეს გასაგებიცაა, რადგან ციხეს ერთადერთი მისადგომი სწორედ ამ მხრიდან ჰქონდა. გალავნის დასავლეთი კედელი შედარებით მაღალია და 12 მ-დე აღწევს. ციხის მშენებლობაში ორი პერიოდი უნდა გამოიყოს. პირველი საამშენებლო დონე 2,5-3 მ სიმაღლისაა. მოგვიანებით აღდგენილი კედელი (მე-2 საამშენებლო დონე) ნაგებია ფლეთილი ქვებით. არქეოლოგიური მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თავდაპირველად ციხე აღუმართავთ XII-XIII სს-ში, ხოლო აღუდგენიათ გვიან შუასაუკუნეებში. გალავნის სამხრეთი კედელი კლდის პირს მიუყვება და შედარებით უსწორმასწორო მოყვანილობისაა. შემორჩენილი სიმაღლე 1,5 მ-ს აღწევს, კედ-ლის სისქე 0,6 მ-ია. ციხეს ერთადერთი ბუნებრივი მისადგომი ჩრდილოეთიდან აქვს. კლდის მასივის მიდამოებიდან აღმოსავლეთის მიმართულებით კლდეში ამოუკვეთიათ საცალფეხო ბილიკი. ციხის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში მშენებლებს გალავანზე მიიშენებით გაუმართავთ მარანი. მეორე მარანი აღმოჩნდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. ასევე საყურადღებოა თონეების აღმოჩენის ფაქტიც. ციხის შუა ნაწილში აღმოჩნდა კლდეში ამოკვეთილი ქვევრისებური ფორმის ორმო, რომელიც წყლის რეზერვუარად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ორმოს სიღრმე 3,2 მ-ია.