ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N24
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული L-ის ფორმის ორსართულიანი სახლი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. შელესილი და მონაცრისფრო-მოთეთრო ფერზე შეღებილი საფასადო სიბრტყე ეკლექტურად არის გადაწყვეტილი. მარცხენა კიდეში მოწყობილი მსუბუქად შვერილი რიზალიტი, რომლის პირველი სართული სადარბაზო უჯრედს უკავია მეორე სართულზე ლითონის აივნით არის ხაზგასმული. ეზოს ტალანი ფასადის მარჯვენა კიდეშია განთავსებული. მეორე აივანი ტალანის თავზე გამოდის. კედლის დამანაწევრებელ სწორკუთხა ღიობებს პროფილირებული საპირე შემოწერთ. ისინი ზედა ნაწილებში მცენარეული ორნამენტით გაფორმებული საჭექი ქვებით არის აღნიშნული. ფანჯრების, ერთიანი უწყვეტი სარტყლით წარმოქმნილი, რაფების ქვეშ ნალესობით მართკუთხედებია გამოყვანილი. ეკლექტური რენესანსის არქიტეტქურიდან ნასესხებ დეტალებთან ერთად გამოყენებულია მოდერნისათვის სახასიათო დეკორი _ კაპიტელების ქვემოთ ჩამოშვებული სამი ზოლი. ისინი რიზალიტის კუთხეების მომფარგლავ პილასტრებს ამკობს. სადარბაზოს ხის დეკორატიულად გაფორმებული კარი პლასტიკური ნაძერწობით გამშვენებულ სადარბაზოში შედის. ინტერიერის ელემენტებიდან ასევე აღსანიშნავია ლითონის ღუმელები. ეზოს მხარეს სახლს შუშაბანდი აქვს. აქედანვეა მოწყობილი სარდაფში ჩასასვლელი კიბე.ცუდი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად ნაგებობა თავდაპირველი გეგმარებითი სტრუქტურისა თუ საფასადო და ინტერიერის დეკორის დაცულობის მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა ბათუმში. ის მნიშვნელოვანროლს ასრულებს ქუჩის როგორც მასშტაბის, ისე არქიტეტქურული სახის განსაზღვრაში.