ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N18
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი შენობის ფასადი მოქცეულია ქუჩის პერიმეტრულ განაშენიანებაში და აქვს კლასიცისტური, გაწონასწორებული ფასადი, პილასტრებით ფლანკირებული ფლანგებით. მარცხნივ ეზოში შესასვლელი გვირაბია, ლითონის ჭვირულცხაურიანი ჭიშკრით, ხოლო მარჯვენივ სადარბაზო შესასვლელი _ ორფრთიანი ხის მოხარატებული კარით (იქვე I სართულის შესასვლელი გადაკეთებულია მოგვიანებით). ამ ფლანგების II სართულებზე ლითონის ჭვირულმოაჯირებიანი აივნებია დაკიდული. მათ შორის კი საფასადო სიბრტყე შევსებულია ექვსი მართკუთხა სარკმლით, რომელთა გვერდები მოჩარჩოებულია, ზედანები კი მორთული კრონშტეინებიანი სანდრიკებით. I სართული კი კომერციულია, რუსტირებულ პილასტრებს შორის მოქცეული ფართო ღიობებით. ახლა აქ ლიტერატურული კაფეა განთავსებული. სართულები ერთმანეთისგან გაყოფილია პროფილირებული ლავგარდანით, ზევით კი, სრულდება რთულსახიანი გეომეტრიულ ფორმებიანი პარაპეტით და მძლავრად ნაშვერი თაროთი.სადარბაზო და კიბის უჯრედი მარტივი ფორმებისაა. აქვს სხმულსაფეხურებიანი და ლითონის მოაჯირიანი კიბე. მანსარდაზე ასასვლელად იქვე მოწყობილია ხის ხვეული კიბე.სახლი L-ის გეგმარებისაა და აქვს შიდა ეზო. ეზოს ფასადზე თავდაპირველად შემინული აივნები იქნებოდა მოწყობილი. ამჟამად სახეცვლილია მინაშენებითა და ჩაშენებებით. შუშაბანდიანი აივანი შემორჩენილია მხოლოდ II სართულის მოკლე მონაკვეთზე. შემორჩენილია ასევე მანსარდული სართული მეზონინით.