ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N6 / შოთა რუსთაველის ქუჩა N5
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
სამსართულიანი მოზრდილი საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლი თავისი U ფორმის გეგმარებით სამ ქუჩას შემოსალტავს და მიკრო უბნის მაფორმირებელელ მოცულობად გვევლინება. მოგვიანებით შენობის მთელ პერიმეტრზე სამანსარდო სართული მოაწყვეს. აქვს მოზრდილი შიდა ეზო.სახლი XXს-ის შუა პერიოდის არქიტექტურული ესთეტიკის ამსახველი საფასადე სტრუქტურისაა და ელემენტები კლასიცისტური რეპერტუარიდანაა. კ. გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩების კუთხეში საფასადე სიბრტყიდან შიგნით შეწეული მართკუთხა კოშკურათია აქცენტირებული, ბარათაშვილის კუჩის კუთხე კი, ოვალით რბილდება. ცოკოლის რუსტირებული მაღალი სართული კოშკურას ქვემოთ, რომელშიც 11 სადარბაზო შესასვლელია მოწყობილი, თაღედებზე შესმული მოაჯირიანი კუთხის ტერასითაა გამყარებული. II და III სართულებს მართკუთხა სარკმლების რიგები დაუყვება. ამავე სართულებზე ერთმანეთს ენაცვლება ლითონისა და ბეტონის სხმულ ფიგურებიანი, კრონშტეინებზე შემოსმული კიდული მოკლე აივნები, რომელთა კარები სხვადსახვა ფორმის ფრონტონისებური თავსართებითაა დამშვენებული. ზევით კი ნაგებობა სრულდებოდა რელიეფური ფრიზით შემკული რთულპროფილიანი ლავგარდანით. მოგვიანებით გამართული მანსარდული სართული თევზისფხისებური ნაკლებადდამრეცი საბურავით ვერ ჩაეწერა არსებულ ესთეტიკაში. მცირე ნალესი არქიტექტურული ფორმებით იყო მორთული სადარბაზოთა მართკუთხა შესასვლელების ლილვებით შემოფარგლული თაღოვანი ტიმპანები. თვით სადარბაზოები და კიბის უჯრედები მარტივი ფორმისაა. ეზოსკენ სართულები მთელ პერიმეტრზე მოცული იყო ლოჯიების სისტემით, რაც მინაშენების შედეგად სრულად გადაკეთებულია და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ნაგებობას აქვს სარდაფი, ცოკოლის სართულში კომერციული ფართებია განთავსებული (ორი კაფე), მანსარდში მოწყობილია სასტუმრო.