ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N76
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
კრამიტით დაბურული ერთსართულიანი სახლი XIX საუკუნის მიწურულს უნდა იყოს აგებული. ის შელესილი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. ფასადის მარცხენა კიდე დეკორატიულად დამუშავებულ ხის სადარბაზო კარს უკავია. კედლის დანარჩენი სიბრტყე სწორკუთხა ფანჯრების რიგით არის დანაწევრებული. ყველა ღიობს პროფილირებული საპირეები შემოწერს. ფანჯრების ზემოთ და ქვემოთ ნალესობით გამოყვანილი მართკუთხედებია დატანილი. დაბალი პარაპეტის ქვეშ გავლებულ კარნიზს კბილანების რიგი გაუყვება.უხვად გამწვანებულ ეზოში შენობის მარცხენა კედელზე მიდგმული ჭიშკარი შედის. სახლის უკანა ფასადი სადაა, თუმცა სწორკუთხა ღიობებით სიმეტრიულად დანაწევრებული, და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.მყუდრო ეზოს მქონე კამერული შენობა ბათუმური საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია. ის განსაკუთრებით საინტერესოა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით.