ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N74
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
აღნიშნულ მისამართზე ეზოში შესასვლელი თაღით დაკავშირებული ორი მართკუთხა ფორმის შენობა დგას. ლითონის ჭიშკრის აჟურში სახლის მშენებლობის თარიღი _ 1896 და მფლობელის ინიციალები М. და Ч. არის ჩართული. ერთმანეთის პარალელურად განთავსებული შენობები მოკლე ფასადებით ქუჩის პორზე გამოდის. მარცხენა სახლის ფასადი შელესილია და ღია ნაცრისფრად არის შეღებილი. მის კიდეებს რუსტირებულზედაპირიანი პილასტრები აუყვება, ხოლო კარნიზს კბილანების რიგი გასდევს. კედლის დამანაწევრებელი კარ-ფანჯარა ძლიერ გადაკეთებულია და ძველი ფორმა დაკარგული აქვს. მარცხენა სახლისგან განსხვავებით მარჯვენა შენობას თავდაპირველი არქიტექტურული სახე შენარჩუნებული აქვს. მას ანაწევრებს სამი თაღვანი ღიობი (აქედან ერთი კარია), რომელთა ბრტყელი საპირეები საჭექი ქვებით არის აღნიშნული. ფანჯრის რაფების ქვეშ მართკუთხედებია გამოყვანილი. ძველია ფანჯრების ალათები და ხის დეკორატიულად დამუშავებული კარი. ინტერიერის ელემენტებიდან აღსანიშნავია ლითონის ღუმელი.შენობების ეზოს გასწვრივ განვითარებული გრძივი კედლები სრულიად სახეცვლილია და არქიტექტურული ღირებულება აღარ აქვს.მცირე ზომის სახლები საინტერესო მაგალითია XIX საუკუნის მიწურულის ბათუმის სამშენებლო ისტორიის საილუსტრაციოდ.